ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს მიერ ძებნილები საქართველოდან შეერთებულ შტატებს პირველად გადასცეს

ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (DEA) მიერ ძებნილი მოჰამედ იასინი და ჰასან აბდულ რაჰმანი საქართველოდან ექსტრადირებულნი არიან შეერთებულ შტატებში. ამერიკის საელჩოს ცნობით, იასინი ლიდერია ლიბანში ბაზირებული ფულის გათეთრების ორგანიზაციის, რომლის მომსახურებითაც ნარკოტიკების გამსაღებელი კრიმინალური სუბიექტები მთელი მსოფლიოდან სარგებლობდნენ.

„2021 წლის სექტემბერში DEA-სთან თანამშრომლობით იასინი და რაჰმანი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 2022 წლის მარტში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მათი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც DEA-ს მიერ ძებნილი პირების გადაცემა საქართველოდან მოხდა. DEA და აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის საქართველოს პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს მათი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის“, - აცხადებენ ამერიკის საელჩოში.