სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-ის უსაფრთხოების დახმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს

საქართველოსთვის საგარეო სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით, Europetime-თან კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის თანხმობას ელის და გეგმავს, 2022 ფისკალური წლის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში (FMF) $35 მილიონის ოდენობის ახალი დაფინანსება უზრუნველყოს. ეს არის იგივე რაოდენობის საგარეო სამხედრო დაფინანსება, რომელიც საქართველომ 2021 ფისკალურ წელს მიიღო.
 
„ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების დახმარება მიმართულია იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც თავდაცვის მოდერნიზაციის პროცესსა და რეფორმებს აძლიერებს. ეს თავის მხრივ:

 1. გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს და უნარს, დაიცვას თავისი ტერიტორია და სუვერენიტეტი.

 2. გააუმჯობესებს სწავლების/წვრთნის პროცესს და პროფესიონალიზაციას.

 3. დაეხმარება NATO-სთან ქართული ძალების უფრო ეფექტიანად მუშაობას.

 4. გააძლიერებს საზღვაო დომენის ცნობიერებას.

 5. მხარს დაუჭერს საქართველოს მონაწილეობას კოალიციურ ოპერაციებში (შეგახსენებთ, რომ საქართველო იყო ყველაზე დიდი, NATO-ს არაწევრი კონტრიბუტორი ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში).

ამ დახმარებით განვაგრძობთ ჩვენს ურყევ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ეს დახმარება კონგრესის თანხმობის მოლოდინშია. საქართველოს 1997 წლიდან, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში მიღებული აქვს $400 მილიონზე მეტი. 2021 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხები სრულად არის გადანაწილებული წვრთნებისა და NATO-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებითა და სისტემებით აღჭურვის პროგრამებზე და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებას ხმარდება.