ლოიდ ოსტინი: დღეს მაქვს პატივი, გამოვაცხადო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა

აშშ-მ და საქართველომ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. შესაბამისი ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ჯეიმს ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ლოიდ ოსტინის თქმით, ეს მემორანდუმი ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას თავისი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მტკიცეა.

„ახლა უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მსახურობდა როგორც ჩვენი ძალისხმევის საფუძველი, რომ ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მზადყოფნის ზრდისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს. დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური ერთი მხრივ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის.

ეს აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობას.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით და განვითარებით - ეს ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში ჩვენს პარტნიორობას. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

მისი თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, კვლავ ადასტურებს მათი სამუშაოს მნიშვნელობას.

„ეს არის დემონსტრირება, რომ ჩვენ ერთობლივად ვართ განწყობილი და ერთგული ამ ინიციატივის წარმატებისთვის. ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა და დაამატა, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრაიის გასაძლიერებლად.

„ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ უნდა გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისათვის“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის ძალებს ავღანეთში აშშ-სა და NATO-ს ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„ვიდრე დავასრულებ, მსურს, მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს, საქართველოს თავდაცვის ძალებს, ქართველ ხალხს მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც იჩენენ აშშ-სა და NATO-ს ძალისხმევისადმი ავღანეთში. პირადად, როგორც ავღანეთის ომის ვეტერანი, განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გააკეთეთ.

საქართველომ არაპროპორციული როლი შეასრულა ამ მისიაში. ქართული ჯარები მხარდამხარ მსახურობდნენ ამერიკელ სამხედროებთან და მეგობრებთან ერთად. აგებდნენ კავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რომელიც ცდება კულტურულ და ლინგვისტურ განსხვავებებს. საქართველომ მართლაც რომ დიდი მსხვერპლი გაიღო - 32 დაღუპული, 293 დაჭრილი ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ მსხვერპლს.

ჩვენ ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ ქართველი ხალხისადმი, ყველა სამხედროს მიმართ, ვინც იმსახურა, მათი ოჯახების მიმართ. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა ავღანეთში არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი სტრატეგიულ იპარტნიორობის სიძლიერისა, ჩვენი საზიარო ინტერესებისა და ღირებულებებისა.

მადლიერი ვარ თქვენი შესანიშნავი ლიდერობისთვის, პირადი ერთგულებისთვის ჩვენი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი და უფრო ფართოდ თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისადმი. უღრმესი მადლობა“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.