საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა. საპარლამენტო დელეგაცია ადგილზე გაეცნო რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ქმედებების შედეგებს და არსებულ სიტუაციას.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საოკუპაციო ხაზზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზზე ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმდენად, რამდენადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი თვალით იხილონ, თუ რა არის რუსული ოკუპაცია და ოკუპაციის მძიმე შედეგები.
- „სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი თვალით ეხილათ ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები, უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, აქ პირდაპირი უმძიმესი შედეგია რუსული ოკუპაციის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ადგილზე ნახონ ეს ყველაფერი და ადგილზე გაეცნონ ოკუპაციის მძიმე შედეგებს. ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, იმდენად, რამდენადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ევროკავშირის შუამავლობით მოაწერა ხელი საქართველომ და რუსეთის ფედერაციაზე სწორედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან ზეწოლის გაზრდაა მნიშვნელოვანი, რათა მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა და ამიტომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის კონსოლიდაცია.
„ეს ძალისხმევა უნდა იყოს უნივერსალური, ზეწოლა უნდა იყოს მზარდი იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და პასუხი აგოს იმ მძიმე შედეგებზე და დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ის ახორციელებს სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
უფრო ადრე, საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მატიას მარტინენმა და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. სტუმრებმა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ საოკუპაციო მოქმედებებზე ინფორმაცია მოისმინეს და მავთულხლართებით გაყოფილი საოკუპაციო ხაზი დაათვალიერეს.
„ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინეთ. ფინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ასევე გავაძლიერეთ ორმხრივ ურთიერთობებს და მივესალმებით საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველო-ფინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა მატიას მარტინენმა.
ფინელ კანონმდებლებთან ერთად, საოკუპაციო ხაზი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, ფინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარიამ ლაშხმა და პარლამენტის წევრმა, ხათუნა კვიციანმა მოინახულეს.
- „ფინელ კოლეგებს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევები კარგად აქვთ გაცნობიერებული, რადგან ჩვენს ორივე ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან საერთო საზღვარი გვაკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ფინეთი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ამ დამოკიდებულებას ყველა საერთაშირისო ფორუმზე აფიქსირებენ. საოკუპაციო ხაზთან დღევანდელი ვიზიტით ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდა“, - განაცხადეს პარლამენტის წევრებმა.