ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა იმ ანტისემიტური კომენტარებისთვის, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამ კვირის დასაწყისში გააკეთა.
„პრემიერმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის კომენტარების გამო და მადლობა გადაუხადა მას ებრაელი ხალხისა და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულების გარკვევით გამოხატვისთვის“, - ნათქვამია ბენეტის ოფისში ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის, 2 მაისს, ისრაელმა დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება იმის შესახებ, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა. ისრაელმა ლავროვი ანტისემიტიზმის გავრცელებასა და ჰოლოკოსტის დაკნინებაში დაადანაშაულა. ისრაელმა რუსეთის ელჩიც დაიბარა.
„ასეთი ტყუილები მიზნად ისახავს თავად ებრაელების დადანაშაულებას ისტორიაში ყველაზე საზარელ დანაშაულებში, რაც მათ წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა 2 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე, იტალიურ ტელეარხ Rete 4-თან ინტერვიუში, ლავროვს ჰკითხეს, როგორ შეუძლია, რუსეთს თქვას, რომ უკრაინის „დენაციფიკაცია“ უნდა განახორციელოს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ებრაელია. ლავროვმა უპასუხა, რომ „ჰიტლერსაც ებრაული წარმომავლობა ჰქონდა, ასე რომ, ეს არაფერს ნიშნავს“.