საქართველოს პროკურატურამ, ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 მაისს ბრალდებულმა დაბა ასპინძაში შურისძიების მოტივით, ყელის არეში დანა დაარტყა მისსავე თანასოფლელს, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ბრალდებული ასევე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად სცემდა მეუღლეს და არასრულწლოვან გერს.
პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 11 პრიმა, 126-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა, დ და კ“ ქვეპუნქტებით (სისტემატური ცემა დამამძიმებელ გარემოებებში) ბრალდება წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.