შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა

საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„2 669 კითხვის შევსების უკან დგას რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე, რომელთა პროფესიონალიზმმა და თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობამ ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახადა. მადლობა თქვენ თქვენი ქვეყნის დაუღალავი სამსახურისთვის. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.