ილია დარჩიაშვილი: ევროპელი პარტნიორების განწყობა ძალიან პოზიტიურია და გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები დაუფასდება

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაფიქსრიდა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დროს, საუბრისას მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ის მოლოდინები, რომელიც ქვეყანას აქვს კითხვარის შევსების შემდგომ პროცესში.

„ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე და მათთან ვისაუბრე, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორების განწყობა არის ძალიან პოზიტიური და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საქართველოს დაუფასდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანამ გაატარა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 10-12 მაისს მონაწილეობა მიიღო ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობდა.


რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა.

კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.


 ასევე წაიკითხეთ: