ორთვიანი შესვენების შემდეგ, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა გერმანიაში, G7-ის ქვეყნების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩიხში შესული მოლაპარაკებები განახლდა“, - განაცხადა ბორელმა.
ევროპის საგარეო კავშირების სამსახურის (EEAS) ხელმძღვანელის მოადგილე ენრიკე მორა, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირს თეირანთან მოლაპარაკებებში, ამ კვირის დასაწყისში თეირანში გაემგზავრა, სადაც ბირთვულ შეთანხმებაზე, დიალოგის წინსვლის გზებზე უნდა ემსჯელა.
26 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა.
2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა.
შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.
ასევე წაიკითხეთ