დღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა, ამისთვის შეგვიძლია მადლიერება გამოვთქვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„დღეს კანდიდატურაზე პასუხი შეტანილია და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა და ამისთვის შეგვიძლია მადლიერება გამოვთქვათ. უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცებ გავხდით ყველაფრის ღირსნი. ეს მათი დამსახურებაა. მართალია, წლების განმავლობაში ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება მეტად ვემზადებოდით, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს მათი დამსახურებაა.
დღეს ჩვენ ამ გაცხადებულ კანდიდატურაზე მივიღებთ პირველად პასუხს არა წლებში, არამედ თვეებსა და კვირებში. რა იქნება პასუხი, ამას ვერ გეტყვით, ესეც ნაწილობრივ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით, რა სახეს ვაჩვენებთ საქართველოს და რამდენად მზად ვიქნებით, რომ ავიღოთ ნამდვილი ვალდებულებები იმის მიმართ, რაც უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული იმ მიმართულებებით, რაც უკვე აღვნიშნეთ -კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება. ბევრი რამ ჩვენშიც უნდა შევცვალოთ და პირველ რიგში, მენტალობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ, ჩვენი იდენტობა ჩვენი დასაცავია, არავის არაფერი თავს არ უნდა მოვახვევინოთ, მაგრამ რა მთავარი პრინციპებიცაა, იმის შესასრულებლად მზად უნდა ვიყოთ. არავინ არაფერს არ გვთხოვეს ისეთს, რაც ჩვენ არ გვინდა და რაც არ გვინდა, ის არ უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ასევე წაიკითხეთ:
- ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან
- ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა
- რა წერია ევროკავშირის კითხვარში