რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ, ამასთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩო განმარტებას ავრცელებს.
„ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
„ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ეს, სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ბიძინა ივანიშვილის კურსის შედეგად“.
„მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის, ანუ ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება, დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად", - აღნიშნა ბოკერიამ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.