ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში

G7-ს საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-უკრაინის ომის განსახილველად ყოველწლიურ შეხვედრაზე გერმანიის ხელმძღვანელობით შეიკრიბნენ. დიპლომატებს დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან გერმანია შაბათამდე, 14 მაისამდე უმასპინძლებს. სამიტს უკრაინისა და მისი პატარა მეზობელი ქვეყნის მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან.

დიპლომატიური წყაროების თქმით, შეკრების მიზანია, შვიდი ქვეყნის მობილიზება სასურსათო კრიზისზე სწრაფი და ეფექტიანი პასუხების მოსაძებნად. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეხვედრას COVID-19-ით ინფიცირების გამო არ დაესწრება, დანარჩენი მინისტრები მოლდოვურ მხარესთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებენ, რომელიც ცდილობს, გაუმკლავდეს ლტოლვილთა ნაკადს მეზობელი უკრაინიდან. ამასთან, ინციდენტებმა დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში, გამოიწვია საერთაშორისო განგაში, რომ ომი შესაძლოა, სხვა ქვეყნის საზღვრებზეც გავრცელდეს.

„ჩვენ უნდა დავამტკიცოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვას მიმართ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს.

„უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის ეს სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ დღეს ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ”, - განუცხადა თავის მხრივ, ბერბოკმა ჟურნალისტებს.

ევროკავშირი დახმარებას აძლიერებს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფა იგეგმება. მისი თქმით, ბლოკი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს.

„ჩვენ დავუპირისპირდებით რუსეთის მცდელობებს, გაყოს მსოფლიო უკრაინის გამო. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ არასდროს არ ვყოფილვართ ასეთი ღრმა გამოწვევის წინაშე. არასდროს ვყოფილვართ ასე ერთიანი", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის თქმით კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის შენარჩუნება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებით და შემდგომი სანქციების დაწესებით.

გერმანია ამ შაბათ-კვირას, 14-15 მაისს, ასევე უმასპინძლებს NATO-ს მინისტრებს იმ ფონზე, როდესაც შვედეთი და ფინეთი ემზადებიან ტრანსატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადის გასაკეთებლად, შესაბამისად, NATO-ს მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ეს ქვეყნებიც არიან მიწვეულნი.

NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ NATO-ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში 14 მაისს. მინისტრთა შეხვედრები 15 მაისს კი, მხოლოდ მოკავშირეებისთვის გაიმართება. 

ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.


მომზადებულია Reuters-ის და France24-ის მიხედვით