NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება

„შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მცდელობებს, შავი ზღვის ბლოკადის შედეგად ჩაახშოს უკრაინის ეკონომიკა და ასევე შექმნას სასურსათო კრიზისი მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ბერლინში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მან ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.

 „NATO ყოველთვის პატივს სცემს ევროპასა და მთელ მსოფლიოში ერების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ეს არ ექვემდებარება სხვის ვეტოს. ჩვენ წლებია, საქართველოსთან ვმუშაობთ, ვიცი, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს ხელმძღვანელობა იქნება მიწვეული.


ღია კარის პოლიტიკა უცვლელია და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან შავი ზღვის ბლოკადის მცდელობებს, რათა მოგუდოს უკრაინის ეკონომიკა და ასევე შექმნას სასურსათო კრიზისი მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში.

მე ასევე ვიცი, რომ მოლდოვის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორები, მოკავშირეები, ასევე ევროკავშირი, ვეძებთ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პარტნიორები ჩვენს მიერ იქნებიან მხარდაჭერილი ამ რთულ მომენტში“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს.

„უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის ეს სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ”, - განუცხადა თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.