NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები

NATO და საქართველო განიხილავენ, კონრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები, რათა ქვეყანამ რუსეთის მავნე ზეგავლენას წინააღმდეგობა გაუწიოს. ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენლის თქმით, არსებული უსაფრთხოების გარემოს პირობებში საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერი და მჭიდრო ხდება.

„14 და 15 მაისს, ბერლინში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი არიან 14 მაისს, რათა მონაწილეობა მიიღონ NATO-ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში. მინისტრთა შეხვედრები 15 მაისს კი, მხოლოდ მოკავშირეებისთვის გაიმართება.

  • არსებული უსაფრთხოების გარემოს პირობებში საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერი და მჭიდრო ხდება. ამის გამოხატულებაა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მონაწილეობა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრებში, გასულ თებერვალსა და მარტში; ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის მონაწილეობა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაში და რამდენიმე კვირის წინ, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მეორე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

 

  • ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნის ფარგლებში, რომელიც მარტში ჩატარდა. ასევე, მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ქოლგის ქვეშ. უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ დახმარებას პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთისგან საფრთხეს განიცდიან და მისივე ჩარევით დაზარალდნენ. ეს ხელს შეუწყობს რუსეთის მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას და პარტნიორების მედეგობის გაძლიერებას. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეებისა და ზეწოლის სამიზნეა. საქართველო და NATO ამჟამად სამუშაო დონეზე განიხილავენ, თუ კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ეს მიზნობრივი მხარდაჭერის ზომები“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

შეგახსენებთ, NATO-ს პრესსამსახურმა 9 მაისს აცნობა Europetime-ს, რომ 14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. აპრილში გამართული NATO-ს მინისტერიალისგან განსხვავებით, საქართველო და უკრაინა ამ შეხვეედრაზე არ არიან მიწვეულნი. როგორც ცნობილია, მაშინდელ შეკრებაზე, ალიანსის წევრების გარდა, მიწვეულნი იყვნენ NATO-ს პარტნიორი ქვეყნები უკრაინა, საქართველო, ფინეთი და შვედეთი.

 

 

გარდა ამისა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, გერმანია G7-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს მასპინძლობს. ოფიციალური ინფორმაციით, ვაისენჰაუზის სასახლეში ლიდერები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და სტრატეგიულ გამოწვევებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას და საერთაშორისო წესრიგს. ამ სამიტს უკრაინისა და მისი პატარა მეზობელი ქვეყნის, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან.


ცნობისთვის, სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს ქვეყნის მოსახლეობის 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

 

შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ.

ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.

დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.