NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციის მიუხედავად, კონსენსუსის იმედი აქვს. ამ თემაზე ჯოანას ბერლინში დაუსვეს შეკითხვა, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები არიან შეკრებილნი. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ.
„გუშინ, ჩვენი არაფორმალური შეხვედრის პირველი რაუნდის დროს გვქონდა დისკუსია და როგორც ყოველთვის, NATO-ში არის გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსია. თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მათ გამოთქვეს შეშფოთება და ის განიხილება მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის. დარწმუნებული ვარ, თუ ეს ორი ქვეყანა (შვედეთი და ფინეთი) გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს დღეებში, შევძლებთ, ვიპოვოთ ყველა პირობა კონსენსუსის მისაღწევად“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ.
-
ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია
- ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია.
სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ.
ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.
დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.