ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება.

„NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა NAT0-ში გაწევრიანება პირველად მოითხოვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საჭირო ეროვნულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება მიღებული“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში.

NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ერთდროულად განაცხადებენ ალიანსში გაწევრიანებას მომავალი კვირის დასაწყისში.

სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მოჰყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები. 


ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.


ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა.

ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა.

დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.