ირაკლი ღარიბაშვილი: პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს

ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში საპროცენტო განაკვეთი 100%-საც შეადგენდა.

„წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის. ჯერ კიდევ ჩვენი მთავრობაში მოსვლამდე რიგ შემთხვევებში 100%-იც კი იყო საპროცენტო განაკვეთი. ჩვენი მთავრობის დროს ჩვენი უშუალო ძალისხმევით არაერთხელ დაიწია, მაგრამ სესხის პროცენტი ჯერ კიდევ მაღალი იყო. რამდენიმე თვის წინ, ბატონ ლევანს დავავალე ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჩაერთნენ ბატონი ზურაბ აზარაშვილი და ლაშა ხუციშვილი. ამ სამუშაო ჯგუფში ჩართულები იყვნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები. ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.

 „დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო  7-წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.