"ჯერჯერობით საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა არ დაფიქსირებულა", - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, პირველი ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში მსგავსი 450 შემთხვევაა გამოვლენილი.
„ძირითადად, ეს ეხება ბავშვებს და ამ ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია. არცერთი შემთხვევა, რომელიც ამ 450 შემთხვევაში შედის, არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 74% არის ადენოვირუსი,ხოლო შემთხვევების 20%-ში ასევე ნანახია კორონავირუსით ინფიცირება. დღეს პასუხი, თუ რა იწვევს ამ შემთხვევებს, არ არსებობს. რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც გარკვეული მუტაცია განიცადა.
ჯერჯერობით, საქართველოში ასეთი ტიპის ჰეპატიტი არ დაფიქსირებულა. სულ მსოფლიოს 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელებული არ არის. საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი, რომელიც ღვიძლის დაზიანებას იწვევს, ამ მონაცემებით ამაზე საუბარი ადრეა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.