ტაჯიკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 16 მაისს, გორნო-ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა.
რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, ახალგაზრდების დიდმა ჯგუფმა რეგიონის დედაქალაქ ხოროგში მსვლელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოლქის მესვეურებმა უარი განაცხადეს, განეხილათ რეგიონის ხელმძღვანელის, ალიშერ მირზონაბოტის, ხოროგის მერის და სხვა ოფიციალური პირების გადადგომის მოთხოვნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში წერს, რომ საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ლიდერი დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეს კი იმ დროს მოხდა, როცა უსაფრთხოების ძალებმა შეიარაღებული შეტევა მოიგერიეს და დემონსტრანტები რეგიონული ადმინისტრაციის შენობებისკენ გადაადგილდებოდნენ.
რამდენიმე წყარო ამბობს, რომ ზამირ ნაზრიშოევი სხვა გარემოებებში გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.