უკრაინა: ჩვენი მოქალაქეების იძულებით გადაყვანისთვის რუსეთში, მოსკოვი სამხედრო შეჭრამდე დიდი ხნით ადრე ემზადებოდა

უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ 1,3 მილიონზე მეტი მოქალაქე, მათ შორის 223,000 ბავშვი, რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით არის გადაყვანილი. მისივე თქმით, ასეთი ადგილების ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს. UNHCR-ის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ, დენისოვამ განაცხადამ რომ „სამხედრო შეჭრამდე დიდი ხნით ადრე, რუსეთი უკვე ემზადებოდა უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციისთვის. 

თავის მხრივ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ფილიპო გრანდი აღნიშნავს, რომ რუსეთის წითელ ჯვართან შეთანხმების მიუხედავად, UNHCR-ს ამჟამად არ აქვს წვდომა რუსეთში დევნილ უკრაინელებთან. გრანდიმ მოითხოვა, რომ ეს „დოკუმენტური მტკიცებულებები“, რომლებზეც დენისოვა საუბრობდა, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მტკიცებულებებს დაერთოს კრემლთან მოლაპარაკებების დროს.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ.

„სამწუხაროდ და ტრაგიკულად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაყვანა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ან რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილებში ე.წ. „ფილტრაციის ბანაკების" გავლით.

ჩვენ ვხედავთ სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალები აგროვებენ ადგილობრივ მოსახლეობას ამ რაიონებში, აკავებენ მათ ამ ბანაკებში და შემდეგ სასტიკ პირობებში კითხავენ მათ უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო.
არის ცნობები, რომ მათ, ვინც ეჭვმიტანილია რაიმე სახის კავშირში, სცემენ ან აწამებენ, ვიდრე ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" გადაიყვანენ, სადაც ბევრი მათგანი გაუჩინარებული ან მოკლულია. ასევე არის ცნობები, რომ ამ „ფილტრაციის ბანაკებში“ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც დაკითხვას გადიან, შემდეგ გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასში. ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსეთი იტაცებს, აწამებს და/ან კლავს ადგილობრივ არჩეულ ლიდერებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ასევე, რელიგიურ ლიდერებს“, - აღნიშნავდა მაიკლ კარპენტერი.