თეა წულუკიანი: ენის მოჩლექით საუბარი საჭირო არ არის, განაჩენი ამბობს, რომ ფაქტები, რომლის ჩადენასაც ნიკა გვარამიას პროკურატურა საყვედურობდა, დადასტურებულია

არ მგონია, რომ ნიკა გვარამიასთან საჭიროა ენის მოჩლექით საუბარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია სისხლის სამართლის დანაშაული, მისჯილი აქვს სასჯელი. განაჩენი ამბობს, რომ ეს ფაქტები, რომლის ჩადენასაც გვარამიას საყვედურობდა პროკურატურა, დადასტურებულია და აღარ არის ვარაუდი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

"რუსთავი 2“-ის საქმეზე ამბობდნენ, რომ „რუსთავი 2“ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას არ ჰქონდათ მიტაცებული, დღეს ამბობენ, რომ ნიკა გვარამიას არ მიუტაცია „რუსთავი 2“ -ის კუთვნილი თანხები. რა თქმა უნდა ისინი ამას იტყვიან, მაგრამ რეალობა არის ის, რომ ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული.

ეს დავა ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში, მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული. ფაქტები შეიძლება, ცოტა მეტად და კარგად ვიცოდე. შემდეგ, უკვე ჩვენ „რუსთავი 2“-ის დაბრუნება საჯარო რეესტრში განვახორციელეთ კანონიერი მესაკუთრისთვის, დღეს ვისმენთ, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ფაქტები არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა. 18 მაინსს, მედიამენეჯერები ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს შეხვდნენ. დღესვე იგეგმება სოლიდარობის აქცია.


ასევე წაიკითხეთ: