ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შესაბამისობის საკითხი. ამ თემაზე მას ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ [საქართველოს] ხმას გაეროში, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ დავა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ სანქციების შეფასება, რომ მათ ეფექტიანობას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა ბორელმა.
მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის პერსპექტივებსა და იმ მოსაზრებას, რომელსაც ევროკომისია მომდევნო კვირებში მოამზადებს.
„განვიხილეთ შესაძლებლობების ფანჯარა. ეს არის მომენტი იმისთვის, რომ დაჩქარდეს რეფორმები, თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური პოლარიზაცია, გაძლიერდეს რეფორმები, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში. რადგან, როდესაც კომისია საქართველოს მოთხოვნას შეაფასებს, ეს საკითხები იქნება გათვალისწინებული. ამრიგად, ეს არის კარგი მომენტი რეფორმების დასაჩქარებლად, რადგან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენთვის სასამართლო სისტემის რეფორმა ყველა რეფორმის ქვაკუთხედია. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის პრინციპებზე, რომელიც სრულად არის ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე და სარგებლობს მათი ნდობით. ჩვენ ამას მოვითხოვთ ნებისმიერ კანდიდატი ქვეყნისგან“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
მანვე [ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში] დაგეგმილ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მიიჩნევს ევროკავშირი.