შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით, 9 პირი დააკავა, 7-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით არიან დაკავებული: 1978 წელს დაბადებული .., 1992 წელს დაბადებული .., 1993 წელს დაბადებული .. და 1971 წელს დაბადებული .ა. სამართალდამცველებმა "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს: 1984 წელს დაბადებული .., 1970 წელს დაბადებული ი.მ., 1993 წელს დაბადებული .. და 1986 წელს დაბადებული .ს. 1980 წელს დაბადებული ე.. (მეტსახელად „პაჭო“) კი დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის. ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1972 წელს დაბადებულ ..-ს (მეტსახელად „თემო სოხუმსკი“) - „კანონიერი ქურდობისთვის“, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1984 წელს დაბადებულ მ..-ს - „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1986 წელს დაბადებულ . .-ს და 1991 წელს დაბადებულ . .-ს - „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, 1979 წელს დაბადებულ . წ.-ს - "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვისთვის, ხოლო 1987 წელს დაბადებულ . .-ს (მეტსახელად „ენცო“) და 1970 წელს დაბადებულ . .-ს (მეტსახელად „ჭინკა“) - "კანონიერი ქურდობისთვის".

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ. ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გადაცილების შემდეგ კი ე.წ. საჯარიმო თანხას სთხოვდნენ.