პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს

გერმანიის ყოფილ კანცლერს გერჰარდ შროდერს, რომელიც კრიტიკის ქვეშ მოექცა იმის გამო, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თავისი რუსული ბიზნეს კავშირები არ გაწყვიტა, გერმანიის პარლამენტში თავისი ოფისის დატოვება მოუწევს. გერმანული მედია წერს, რომ ანალოგიური მიზეზით, თანამშრომლებმა შრიოდერს დიდი ხნის წინ აქციეს ზურგი და დატოვეს მისი ოფისი.

შროდერის პრივილეგიები 2021 წელს, გადასახადის გადამხდელებს 419,000 ევრო (354,500 ფუნტი) დაუჯდათ. ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა Welt-TV-ს  განუცხადა, რომ წარმოუდგენელია, ყოფილ კანცლერს, რომელიც ახლა ღიად ახორციელებს ლობისტურ სამუშაოს ვლადიმერ პუტინის კრიმინალური მმართველობისთვის, კვლავ გადასახადის გადამხდელებმა მისცენ ოფისი.

გერმანიის სამთავრობო კოალიციამ - სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ხელმძღვანელობით, რომლის წევრიც შროდერი ჯერ კიდევ არის და მას ოდესღაც ხელმძღვანელობდა კიდეც, გადაწყვიტა, შეემცირებინა შრიოდერის, როგორც ყოფილი კანცლერის სპეციალური უფლებები, თუმცა, ყოფილი კანცლერი კვლავ გააგრძელებს პენსიითა და პირადი დაცვით სარგებლობას.

პარალელურად, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სანქციები უნდა გავრცელდეს „მსხვილი რუსული კომპანიების საბჭოების ევროპელ წევრებსა და პოლიტიკოსებზე, რომლებიც რუსული ფულის მიღებას აგრძელებენ. რეზოლუციაში დასახელებულნი არიან ავსტრიის ყოფილი კანცლერი ვოლფგანგ შუსელი და საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ფრანსუა ფიიონი. 78 წლის შრიოდერი გერმანიის კანცლერი იყო 1998 წლიდან 2005 წლამდე და ცნობილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ხანგრძლივი პირადი ურთიერთობით.

შროდერს ამჟამად წამყვანი პოზიციები უკავია რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებში Nord Stream 1 და 2 და ნავთობკომპანია Rosneft-ში, სადაც ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. შროდერი ასევე აპირებს, დაიკავოს თანამდებობა კრემლის მიერ კონტროლირებადი „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოში.