სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას.
„მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რეალობისგან განსხვავებული საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას. 19 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს გეგმურად დანიშნული მაღალტექნოლოგიური კვლევა უტარდებოდა, რომლის დროსაც იგი პალატაში არ იმყოფებოდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულობის მიუხედავად, ადვოკატი შოთა თუთბერიძე სამედიცინო გამოკვლევების დასრულებას არ დაელოდა, დატოვა კლინიკა და მედიასაშუალებებთან საუბრისას სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეზღუდვების დაწესებაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა. ტყუილია განცხადება, თითქოს მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს, პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში, შვილთან, ელის მარია სააკაშვილთან, შეხვედრის შესაძლებლობა არ ეძლეოდა.
მსგავსი მოთხოვნით სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის 2022 წლის 18 მაისამდე არავის მოუმართავს. ვიზიტის მოთხოვნიდან მეორე დღეს, 2022 წლის 19 მაისს, ელის მარია სააკაშვილმა, დედასთან ერთად, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი.
აქვე, გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეული მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსჯავრდებული ნ. გვარამია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში სამარტოო საკანში იმყოფება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნ. გვარამია, პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის დღიდან, ინფორმირებულია საკუთარი უფლებების შესახებ. იგი დაწესებულებაში სტანდარტულ საკანში, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება მარტო, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის პრევენციის მიზნით, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი, ცალმხრივი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ასევე დამნაშავედ ცნო ამავე საქმეზე ბრალდებული, "რუსთავი 2-ის" ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და მას საჯელად შეუფარდა 50 000 ლარის ჯარიმა. საქმეზე მესამე ბრალდებული, "ინტერ მედია პლუს“-ის დირექტორი ზურაბ იაშვილი სასამართლომ გაამართლა.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.