„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დარჩა მისაღები.
„მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან.
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ.
დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, წერილობით გაასაჯაროონ ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას უფლება ექნება საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მათი კრიტიკა ცარიელი დემაგოგიაა და ვიწრო სუბიექტური ინტერესებით არის ნაკარნახევი. შენიშვნების გასაჯაროების შემდეგ, მზად ვართ, გავმართოთ მათთან საჯარო დისკუსია თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.