ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დელ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის 9 აპრილს კიევში ვიზიტისას გადასცა, შევსებულია, ამის შესახებ ინფორმაციას უკრანული მედია ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ კითხვარის შევსების შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს რეკომენდაციას უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების შესახებ. უკრაინა თავის მხრივ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიმდინარე წლის ივნისში ელის.
„როგორც პრეზიდენტი ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაჰპირდა, უკრაინული მხარე შეავსებდა კითხვარს. დღეს გავიდა ერთი კვირა. დღეს კი, შემიძლია განვაცხადო, რომ დოკუმენტზე მუშაობდა დასრულდა“,- განაცხადა იჰორ ჟოვკვამ.
- ველით დადებით რეკომენდაციას და შემდეგ ბურთი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარეს. ივნისში გაიმართება ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ველით, რომ უკრაინას მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. შემდეგ უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები და როცა ჩვენ გავმართავთ ასეთ მოლაპარაკებებს, შესაძლებელი იქნება უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი. საქმე ეხება დაჩქარებულ პროცედურას. ჩვენ არ შეგვიძლია, 10-15-20 წლით ასეთი მოლაპარაკებების გაგრძელება. მოლაპარაკებები სწრაფად უნდა წარიმართოს. უკრაინა ამას იმსახურებს და ამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს გვიჭერს", - დაამატა ჟოვკვამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო ივნისში დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს.
ასევე წაიკითხეთ