თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ თანამდებობა დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურა უახლოეს მომავალში დასახელდება.
„ჩვენ ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანია და შევეხები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი აბუთიძეს, რომელიც ამ სამსახურს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის ტოვებს თანამდებობას და გადასვლას აპირებს კერძო სექტორში. მინდა, გიორგი აბუთიძეს ძალიან მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება, თუმცა, გულწრფელად მინდა, წარმატებები გისურვო იქ, სადაც მიდიხარ. გულწრფელი მადლობა ჩვენგან გაწეული შრომისთვის, გათენებული ღამეებისთვის, ნერვიულობისთვისაც, თუმცა, ბევრი კარგი საქმე გვაქვს ერთად გაკეთებული, რაც, რა თქმა უნდა, ეტყობა ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.