პარლამენტის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე გამოდის ინიციატივით, ამნისტიის კანონი შეეხოთ იმ პირებსაც, ვინც ოჯახში ძალადობა "ემოციურ ნიადაგზე" ჩაიდინა.
დიმიტრი ხუნდაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს პენიტენციური სამსახურის დადებითი დახასიათება და ოჯახიც წინააღმდეგი არ უნდა იყოს.
"არის ისეთი შემთხვევები, როცა ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები (რა თქმა უნდა, დამდგარ შედეგს გამართლება არ აქვს)... ვფიქრობ, რომ რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნებოდა ურიგო, რომ გაგვეთვალისწინებინა", - თქვა ხუნდაძემ.
ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მისივე თანაპარტიელმა, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მსგავს დანაშაულებზე პარტიაში პრინციპული დამოკიდებულება აქვთ.
"[მას] უპირობოდ არ უთქვამს. თქვა, რომ თუ დაზარალებული თანახმა იქნება. მაგრამ ესეც არის ჩემთვის პრინციპულად "წითელი ხაზი" - ამ კატეგორიის დანაშაულს არ უნდა შეეხოს. მაგრამ აზრს და იდეის არსებობას აქვს უფლება", - თქვა ოხანაშვილმა.
პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტს განიხილავს, რომელიც სისხლის სამართლის 44 მუხლით ჩადენილ დანაშაულს ეხება. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ საქმეებს პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ და ისინი მიიღებენ პირის გათავისუფლების გადაწყვეტილებას.