დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება თბილისში, რუსთაველის გამზირზე 11:00 საათზე დაიწყება, რის ფარგლებშიც, 12:00 საათზე წვევამდელები ფიცს დადებენ, 20:30 საათზე კი გალა კონცერტი გაიმართება.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება თბილისის გარდა 5 რეგიონშია დაგეგმილი, 15 მუნიციპალიტეტში კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება. ასევე მოხდება საჰაერო კომპონენტების ჩვენება, სამხედროები კი ახალი აღჭურვილობით გამოჩნდებიან.

26 მაისის აღნიშვნის ისტორიაში პირველად შესრულდება ევროკავშირის ჰიმნი, საქართველოს ჰიმნს კი ბავშვთა კაპელა შეასრულებს.


ასევე წაიკითხეთ: