ენრიკო ვალვო: საქართველოს ვუსურვებ ნათელ მომავალს და განვითარებას დიდ ევროპულ ოჯახში

საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქართულ ენაზე ვიდეომიმართვა ჩაწერა. იტალიელი დიპლომატი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. გულითადად ვულოცავ ქართველ მეგობრებს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს. ამ დიდი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანას, დიდ ევროპულ ოჯახში ნათელ მომავალს და განვითარებას ვუსურვებ. იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის გადმოსახედიდან, სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან მტკიცე მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებთ. გილოცავ საქართველო“, - ნათქვამია ვიდეომიმართვაში.

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.


ასევე წაიკითხეთ: