„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ - უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, არავითარი, ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკრაინულ მხარეს გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ წარუდგენია.
„ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად მოგეხსენებათ, მაშინ თქვეს, რომ თითქოს, საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რუსულ კომპანიებს და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში, არავითარი ფაქტი, არგუმენტი არ წარუდგენიათ, ჩვენ მათ დავუკავშირდით, მოვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა, დაბარებული გვყავდა ელჩის წარმომადგენელი, დღემდე არავითარი მტკიცებულება არ მიგვიღია. ეს რას ნიშნავს, სად არის თქვენი რეაქცია, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, რატომ არის სიჩუმე ამაზე? ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტში პრემიერის დაბარების ინიციატორი „ლელო“ იყო. მოსმენა სამ საათს გაგრძელდა.