მედია: ფინეთი, F35-ის მოიერიშეების არქტიკულ წრეზე განთავსებას გეგმავს

ფინეთი F35-ის მოიერიშე თვითმფრინავებს ქალაქ როვანიემის რაიონში, რომელიც არქტიკულ წრეზე მდებარეობს, 2026 წელს განათავსებს. ინფორმაციას უკრაინული მედია, ლაპლანდიის საჰაერო სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ჩვენ მზად ვართ! საჰაერო ძალების F-35 ფლოტი პირველად ექსპლუატაციაში შევა ლაპლანდიაში, ქალაქ როვანიემიში 2026 წელს", - ნათქვამია ლაპლანდიის საჰაერო სარდლობის განცხადებაში.

ცნობისთვის, როვანიემი ლაპლანდიის ადმინისტრაციული ცენტრია. მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაცია შექმნის ახალ სამხედრო შენაერთებს ქვეყნის დასავლეთში შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განზრახვის საპასუხოდ.

18 მაისს, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო.

რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.