აშშ-ი, დიდი ბრიტანეთი და კანადა, რომლებიც ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად არ აღიარებენ ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად, აპირებენ, რომ სანქციები დაუწესონ ბელარუსის რეჟიმის იმ მოხელეებს, რომლებსაც კავშირი აქვთ საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიცირებასთან და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან.
როგორც ოთხმა სხვადასხვა ანონიმურმა წყარომ უთხრა სააგენტო „როიტერსს“, სანქციების შემოღების შესახებ სამმა სახელმწიფო, შესაძლოა, პარასკევს გამოაცხადოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
დანია, ლატვია, ლიტვა, გერმანია, სლოვაკია, ჩეხეთი და ესტონეთი აცხადებენ, რომ ლუკაშენკას არ მიიჩნევენ ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად.
ევროკავშირს მომზადებული აქვს სანქციების სია, მაგრამ მისი მიღება არ ხერხდება კვიპროსის წინააღმდეგობის გამო. კვიპროსი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა ზომებს მიმართოს თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გაზის საბადოების სადაზვერვო სამუშაოს ატარებს.
23 სექტემბერს მინსკში სპეცრაზმის წევრებმა ხელკეტებით და წყლის ჭავლით შეუტიეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მეექვსე ვადით დადო ფიცი, მიუხედავად მისი გადადგომის მოთხოვნით უკვე ექვსი კვირაზე მეტხანს მიმდინარე, უპრეცედენტო აქციებისა.
9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ლუკაშენკას მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ლიდერმა მიულოცა გამარჯვება. მათ შორის არიან აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები.