ქართული საახალწლო წეს-ჩვეულებები

გოგა ჩანადირი

ქართული საახალწლო-საშობაო წეს-ჩვეულებები ერთ-ერთი მრავალფეროვანია მსოფლიოში. ზოგიერთი რამ კი სულაც მხოლოდ ჩვენ გვაქვს.

მაგალითად, მეკვლე, გოზინაყი და ჩიჩილაკი.

და კიდევ, საახალწლო გამოთქმა - „ასე ტკბილად დამიბერდი". ამ სამ სიტყვაში ქართველებმა უამრავი რამ ჩადეს, თუნდაც - ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, ბედნიერება. ბებიები შვილიშვილებს კანფეტს ბალიშის ქვეშ ამოუდებდნენ და ასე ულოცავდნენ ახალ წელს.

მერე ეს საყოველთაო ჩვეულებადაც ჩამოყალიბდა და საახალწლო დღეებში უფროსებიც უწვდიდნენ ერთმანეთს კანფეტს ან სხვა ტკბილეულს. მეკვლეობა ყველაზე საპატიო დავალება იყო. ოჯახი კეთილ, საიმედო, იღბლიან ადამიანს ახალი წლის დღეს მის სახლში შემოსვლას სთავაზობდა.

მეკვლე აუცილებლად მარჯვენა ფეხით უნდა შესულიყო და ტკბილეული მიეტანა წლის ტკბილად დაბედების ნიშნად. თავის მხრივ, მასპინძლები მეკვლესაც ტკბილეულით უმასპინძლდებოდნენ, რომ მასაც დადებითი განწყობა და სურვილები ჰქონოდა. ჩიჩილაკი იგივე ნაძვის ხეა, რომელიც უმეტესად გურია-სამეგრელოში იყო გავრცელებული და წმინდა ბასილი დიდის წვერებად მოიხსენიებოდა. მას თხილის ხისგან ამზადებდნენ. ჩიჩილაკს წვერზე ჯვარს უკეთებდნენ.

ზოგჯერ მანდარინსაც ადებდნენ, რაც შობის ვარსკვლავის სიმბოლოს წარმოადგენდა. მის გასამრავალფეროვნებლად ჩირსა და კანფეტებს ჰკიდებდნენ. ბასილი დიდის საპატივსაცემოდ კვერებს ან პურსაც აცხობდნენ. ბოლო წლებში ჩიჩილაკების სხვა და სხვა ფერით შეღებვაც კი დაიწყეს.

თუმცა, უწინ იმერეთში მას ენდროთი აფერადებდნენ. გოზინაყი საახალწლო სუფრის მთავარი ტკბილეული იყო, რადგან მას ოჯახები იშვიათად აკეთებდნენ. თან, კაკლისა და თაფლის ქონა, რითაც გოზინაყი მზადდებოდა, სიმდიდრედ ითვლებოდა. საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში საახალწლოდ ლუდი იხარშებოდა. მთიულეთში კი სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხინკალი. ყველა კუთხეს ჰქონდა მთავარი საახალწლო კერძი, რომელთაგან მთელ საქართველოში ყველაზე პოპულარული საცივი გახდა. მხოლოდ საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში საახალწლო სუფრას სალათა „ოლივიე“ შეემატა. აღმოსავლეთ საქართველოში სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოდილიყო გოჭის თავიც, რაც სუფრის მდიდრულობას ხაზს უსვამდა. თბილისური საახალწლო წეს-ჩვეულებები განსხვავებული იყო. დედაქალაქში ახალი წლის ღამეს ოჯახები სახლის კარს ღიას ტოვებდნენ, რომ მათთან ბედნიერება შესულიყო. საქართველოში ნაძვის ხე მე-19 საუკუნეში გახდა პოპულარული, მას შემდეგ, რაც ჩვენთან გერმანელები დასახლდნენ.

მათ არამხოლოდ ჩვენთან, მთელ ევროპაში გაავრცელეს ახლანდელი საახალწლო წეს-ჩვეულებები. ევროპული ჩვეულებები ჯერ თბილისში დამკვიდრდა, შემდეგ მთელ ქვეყანაში. ეს, არამხოლოდ ნაძვის ხეში, ქუჩების მორთვასა და საშობაო ბაზრობების მოწყობაში გამოიხატებოდა.

რაც შეეხება თოვლის პაპას (დასავლეთში ბაბუა), მიჩნეულია, რომ ის კეთილი და სასწაულმოქმედი მღვდელმთავრის წმინდა ნიკოლოზის პროტოტიპია, რომელიც არამხოლოდ პატარებს, ოჯახებს ახარებს მოულოდნელი საჩუქრებით. თოვლის პაპა საქართველოს ყველაზე მაღალ მწვერვალ შხარას კალთებთან და იქვე მდებარე სოფელ უშგულთან ბინადრობს. სწორედ იქ მისდის ბავშვების საახალწლო სურვილების წერილები.

ახალი წლის ღამეს სვანურ ქუდს იხურავს, თეთრ ნაბადს მოისხამს, ხურჯინებს ზურგზე იკიდებს და კარდაკარ დადის საჩუქრების დასარიგებლად. საქართველოში გამორჩეული ახალი წელი აქვთ გურულებს და მას კალანდას უწოდებენ. კალანდა არამხოლოდ ჩიჩილაკით, კერძების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. უწინ ახალ წელს თოფის სროლით ხვდებიდნენ. ბოლო დროს კი ფეირვერკებმა ჩაანაცვლა. თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ფეიერვერკებიანი ქალაქია. „ევროპათაიმი“ საუკეთესო სურვილებით შობა-ახალ წელს გილოცავთ!