სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტები: რა საკითხები განიხილეს სომხეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მეტად გაფართოების ორმხრივად აღებული ვალდებულებები სრულდება.

„კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული, მეგობრული ურთიერთობები თანმიმდევრული მუშაობის შედეგად უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთობისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის.

სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ეწოდება ურთიერთობები განსაკუთრებულად კეთილმეზობლური და ასეთი კვალიფიკაცია განაპირობებს უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობას, ასევე ხშირია უწყებათაშორისი კონტაქტები, თანამშრომლობა იზრდება სხვადასხვა სფეროში და ეს ყველაფერი ეფუძნება სრულ ურთიერთნდობას. დღეს, მე და ქალბატონ პრეზიდენტს მოკლე პერიოდში უამრავი საკითხი გვაქვს განხილული.

ძირითადად, შევჯერდით ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, კომუნიკაციაზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე. კერძოდ, განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი.

ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი აღებული ვალდებულება, შევინარჩუნოთ ჩვენი მრავალმხრივი ურთიერთობის მაღალი დონე და ვისაუბრეთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს ჩვენი ქვეყნებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება და რეგიონშიც მოგვცემს წარმატების საშუალებას. ასევე საჭიროა, ყველამ თავისი გამოცდილება გაუზიაროს მეზობელ სახელმწიფოს. ვფიქრობ, ჩვენი არჩეული სხვადასხვა გზა შესაძლებლობას მოგვცემს, გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები. ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, რეგიონულ საკითხებზე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ რეგიონულ და მშვიდობის საკითხებში ყველაფერი ეფუძნება ქართულ-სომხურ მეგობრობას“, - განაცხადა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა.    

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროები დღეს ახალ დატვირთვას იძენენ. რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი ორივე ქვეყნის ინტერესშია.

„ჩვენ ხაზი გავუსვით არსებული კავშირების და თანამშრომლობის ზრდის პოტენციალს, სატრანსპორტო და მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში. ეს არის სფეროები, რომლებიც დღეს ახალ დატვირთვას იძენენ და რომლის განვითარებაზეც შევჯერდით. რეგიონის სატრანზიტო პოტენციალი, ახალი იფრასტრუქტურული ქსელები და ენერგეტიკის ახალი გზები ჩვენი ორივე ქვეყნის მაღალ ინტერესს წარმოადგენს და ამისთვის ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

მანამდე, ორბელიანების სასახლეში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სომხეთის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრი რობერტ ხაჩატურიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა: ,,მოხარული ვარ, რომ როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, პირველი ოფიციალური ვიზიტით ვეწვიე მეგობარ ქვეყანას - საქართველოს.

დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კარგი მეზობლური ურთიერთობების მქონე სახელმწიფოების პრეზიდენტებს, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრამვებაში“.