ბორჯომში „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები აქციას მართავენ

ქალაქ ბორჯომში, „ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები დილიდან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ და და პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდებათ.

"რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს, ესენია: უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა; ხელფასების დარიცხვა; ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება; უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25 პროცენტით ზრდა; შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა, ხოლო მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლება და პასუხისგებაში მიცემა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.