ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის შესაძლო ფიგურანტებს, ძმებ კაკულიებს პროკურატურამ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, დავით და გუგა კაკულიებს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი 27 მაისს ვაკეში, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩის კვეთაზე კაცის განზრახ მკვლელობას აპირებდნენ. "გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ძმებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის "" და მეორე მუხლის "ე" ქვეპუნქტით (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წაუყენეს. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან მათი შესაძლო შემხებლობა. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან, ბრალდებულების მიერ სომხეთში დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა 29 მაისს დილით ორთაჭალაში ძმები დავით და გუგა კაკულიები დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ისინი, შესაძლოა, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ. მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა.

მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ცნო და მათ განაჩენი გამოუტანა. ძმები „კრიმინალური ავტორიტეტის“, მეტსახელად დათო ტბილისკის შვილები არიან, რომელიც მოსკოვში საკუთარ ავტომობილში დაახლოებით 20 წლის წინ ააფეთქეს.