საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია ამით არ დაშავდეს და სათანადო ზომები იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალება მის მიერ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოს უფრო მეტად დააზარალებს.
პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო ექსპერტები საჭიროდ ჩათვლიან, რომ საქართველოში სათანადო მკურნალობის მიღების შესაძლებლობა არ არსებობს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამას შესაბამისად უპასუხოს.
„ჩემი პოზიცია იცით შეწყალებაზე და აღარ გავიმეორებ ამას. აქაც მთავარი არის საზოგადოების პოლარიზაციის არდამატება, რაც არსებობს. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, თუ ამის მიმართ არის კითხვები, ყველაზე იყოს პასუხი გაცემული, რომ ყურადღება იყოს სათანადო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ.
გამოვთქვი აზრი, რომ ალბათ, საჭირო იყო გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, რაც შემდეგ მოხდა და ეს ძალიან კარგია. მე ვერ ვიტყვი წინასწარ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომ მაინცდამაინც ამ ქვეყანაში არ არსებობს სათანადო მკურნალობის არანაირი საშუალებები. თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ რაღაც მიზეზების გამო, არ არის საშუალება აქ იყოს მიღებული ის მკურნალობა, რომელიც საჭიროა, მაშინ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ამას უპასუხოს ან სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით. საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია ამით არ დაშავდეს და სათანადო ზომები იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, რამ შეიძლება შეაცვლევინოს პოზიცია პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში დიდი დაპირისპირების საგანია, რაც პოლარიზაციას გააღრმავებს.
„იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმაოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.