რუმინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შავი ზღვის გავლით სამხრეთ კავკასიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების განვითარებას. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
უწყების ცნობით, ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს 2019 წელს წამოყენებულ ინიციატივას შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის სატვირთო გადაზიდვის მარშრუტის შექმნის შესახებ, რომელშიც მთავარი მოთამაშეები არიან აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და თურქმენეთი.
„ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ამ პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უფრო ფართო რეგიონულ კონტექსტში“, - აცხადებენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც დააკავშირებს რუმინეთს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან.