NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა. სტოლტენბერგმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარს კონსტრუქციული უწოდა.
„თურქეთი ღირებული მოკავშირეა. ჩვენ ვისაუბრეთ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე და გავაგრძელებთ დიალოგს“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. სტოლტენბერგი, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე შეხვდა ფინეთის პრემიერ-მინისტრს.
ინფორმაციისთვის, თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს:
- შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს.
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ექსტრადირებას იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.