ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ

Europetime გთავაზობთ ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის (ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) და რასა იუკნევიჩიენეს  (EPP-ის ვიცე-თავმჯდომარე, ლიეტუვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი) ერთობლივ წერილს, რომელსაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის მოახლოებულ დასკვნას უძღვნიან.

„ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ დიდი ხნის წინ ნანატრი რეკომენდაციებით გამოვა. შემდეგ, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ევროპულ საბჭოში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ამ პროცესის შედეგის პროგნოზირება რთულია. ამ ღია წერილით გვინდა, გავამხნევოთ ქართული პოლიტიკური ძალები და ქართველი ხალხი, რომ იმედგაცრუებული არ დარჩნენ თუ შედეგები ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, სამაგიეროდ, საბოლოოდ გავაერთიანოთ ძალები საერთო სამუშაოსთვის, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, სათავებთან იდგა. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო იყო ყველაზე მომზადებული ქვეყანა, არამარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის.

შედეგად, გარე თვალით დაკვირებისას, ამ დროს სურათი საკმაოდ არასახარბიელოა. ოლიგარქიზაცია და, შესაბამისად, პოლარიზაცია საქართველოში რჩება მაღალი და კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, რომელიც დემოკრატიული არჩევნების შედეგად, ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მაგალითად, მოლდოვას ჰქონდა მსგავსი პრობლემები პლახოტნიუკთან და დოდონთან, მაგრამ მან შეძლო მათი მოგვარება დემოკრატიული არჩევნების გზით.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ იმოქმედა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ და აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება შეიძლება.

სამწუხაროდ, ევროკავშირის უმაღლესი დონის უპრეცედენტო მცდელობის მიუხედავად, ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას და პროევროპული დღის წესრიგის წინსვლას, „შარლ მიშელის შეთანხმება“ ამ დრომდე არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, როგორც კი კომისიამ დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება, სასჯელი გამოუტანეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის მფლობელს, რამაც სურათს კიდევ ერთი ბნელი ლაქა შესძინა.

გარდა ამისა, ძნელი გასაგებია საქართველოს მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინის მიმართ და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით. უკრაინელები იცავენ არამხოლოდ საკუთარ ტერიტორიას და სახლებს, არამედ დემოკრატიას, თავისუფლებას და ევროპულ ღირებულებებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. და, მარტივია იმის გაგება, რომ უკრაინა, როგორც ყინულის გამლღობი, ასევე ხსნის კარს მოლდოვისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხიც ასე ფიქრობს.

ხანდახან ვფიქრობთ, რომ საქართველოს მმართველ წრეშია ვიღაც, ვინც აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო არ გაწევრიანდეს ევროკავშირში. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც და იქნება პუტინის რეჟიმისთვის დიდი გამარჯვება.

ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს განმცხადებელი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება. არსებობს აშკარა ისტორიული მაგალითები, როდესაც არადემოკრატიული ტენდენციები განმცხადებელ ქვეყანაში არამხოლოდ მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირში, არამედ შეაჩერეს მისი გაწევრიანება.

ეს მოხდა სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ მეჩიარის დროს. მეჩიარის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ, სლოვაკეთში ადამიანის უფლებების მხრივ ცუდმა მდგომარეობამ და დემოკრატიის დეფიციტმა განაპირობა ის, რომ 1997 წელს ქვეყანამ ვერ მიიღო მიწვევა, შეერთებოდა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ჯგუფს, რათა დაეწყო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები.

იმ დროს სლოვაკების აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერდა მხარს მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა, მხოლოდ სახალხო მხარდაჭერა არ არის საკმარისი გაწევრიანებისთვის. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საკმარისად უნდა იყოს ფესვგადგმული აპლიკანტ ქვეყანაში მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად.

ახალ მთავრობას სლოვაკეთში ძალიან რთული ამოცანა ჰქონდა, გამოესწორებინა სლოვაკეთის შელახული საერთაშორისო იმიჯი და დაემტკიცებინა, რომ მეჩიარის ეპოქის ყველა ხარვეზი გამოსწორებული იყო. მათ მიაღწიეს წარმატებას და სლოვაკეთი არის ევროკავშირის წარმატებული წევრი ქვეყანა 2004 წლიდან.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის რეალური ვალდებულება და ერთიანი ძალისხმევა, რაც უნდა აჩვენონ მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში. თუ ეს გამოწვევა ძალიან დიდია ამ მთავრობისთვის, არსებობს სხვებისთვის მისი გადაცემის დემოკრატიული გზები, ყველაფრის ფასად სკამებზე ჩაჭიდების გარეშე.
 
მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა იპოვონ ძალა, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია შესთავაზონ და გამოიჩინონ სანდო ლიდერობა, რაც საჭიროა ამ ამოცანის შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, საქმე იქამდე მივიდეს, რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწიოს  - დღევანდელი პოლიტიკური სტრუქტურა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერობით თუ საქართველოს ევროპული მომავალი“, - აღნიშნულია წერილში.