მედია: „აზოვსტალში“ დაღუპული დამცველების ცხედრები კიევში გადაასვენეს

ათობით უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი, რომლებიც მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის დაცვის დროს დაიღუპნენ, კიევში გადაასვენეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას BBC-ი, Associated Press-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინელი სამხედრო მეთაურის, მაქსიმ ჟორინის თქმით, ცხედრების იდენტიფიცირება ახლა, დნმ-ის მეშვეობით მიმდინარეობს.

უკრაინის ხელისუფლებას „აზოვსტალის“ მებრძოლების ცხედრების გადმოცემის საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. 


4 ივნისს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთს სამხედროების ცხედრები პირველად გადასცეს. 

გაცვლა 2 ივნისს ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს რეგიონში შედგა. ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, SBU-ს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სხვა სამართალდამცავი უწყებების მონაწილეობით განხორციელდა.

ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაღუპულთა ცხედრების გაცვლა ოფიციალურად გამოცხადდა. მანამდე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასატანად, მაგრამ გაცვლაზე ვერ შეთანხმდნენ.

ცხედრების გაცვლაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთი და უკრაინა რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას მათი შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ ივნისს ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად კარგავს 60-100 ჯარისკაცს. BBC-ის რუსული სამსახური 30 მაისს იტყობინებოდა, რომ ღია წყაროების მონაცემებით, შესაძლებელი გახდა უკრაინაში დაღუპული სულ მცირე 3052 რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სახელის დადგენა.