მმართველი პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერებმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასეს.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დღე, როდესაც ჩვენ შევისწავლით ამ ძალადობის უკან როგორ იდექით თქვენ და როგორ უნდა დაისაჯოთ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც ქვეყანაში ძალადობის გარემოს შექმნის გამო და იმის გამო, რომ მიმდინარე კვირას ევროპარლამენტი, რომელმაც უნდა მიიღოს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად, იძულებულია, ამის ნაცვლად მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც საუბარი იქნება ქვეყანაში მასმედიის უფლებების შევიწროებაზე, პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებასა და რუსულ ოლიგარქიულ მმართველობაზე“, - აღნიშნა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
`ფრთხილად, ბატონო ირაკლი, კომუნისტებისგან მოყოლოებული ეს ტექსტებია ბერძენიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერავინ შეძლო მიღწევა. თქვენი მიაზანია, რეალური პრობლემიდან გადაიტანოთ ყურადღება...“, - მიმართა ირაკლი კობახიძეს „რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ“.
შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.