ევროპარლამენტი რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც შეიკრიბებიან 2022 წლის 23-24 ივნისს სამიტზე, უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ და უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად მიაწოდონ იარაღი.
შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. მაკალისტერმა ევროკავშირის სამიტის მონაწილეებისთვის ევროპარლამენტის რვა რეკომენდაცია გამოაქვეყნა.
„ჩვენ გამოვდივართ რეკომენდაციით, რომ უკრაინას დაუყოვნებლად მიეწოდოს იარაღი უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, - აღნიშნა მაკალისტერმა.
28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.