ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.

ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დაამატა, რომ უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას“, - აღნიშნა ვალდის დომბროვსკისმა

მისივე თქმით, რუსეთის არაპროვოცირებულმა და გაუმართლებელმა აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა უსაფრთხოების ლანდშაფტი ევროპაში.

„ეს არის გამოსაფხიზლებელი ზარი ევროკავშირისთვის. ეს არის ასევე თავდასხმა ევროპასა და მთელ დემოკრატიულ სამყაროზე. რუსეთი ცდილობს, მოგუდოს უკრაინის ეკონომიკა ხანგრძლივი ომის და შავი ზღვის ბლოკადის გზით. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უპრეცედენტოა, ყველა ინსტრუმენტის მობილიზება ხდება: პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული და ეს გაგრძელდება. ჩვენ ასევე მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა [მოლდოვას რესპუბლიკის] უკრაინის ყველაზე დაზარალებული მეზობლის მიმართ. 

ევროკავშირი სამხედრო დახმარებას სწრაფი ტემპით განაგრძობს. ჩვენი უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი 2 მილიარდი ევროს ფარგლებში, ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში ეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი მოსახლეობა და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდის შეთავაზებით გამოვედით. ეს მხარს დაუჭერს ლოგისტიკას, კიბერთავდაცვას, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ ამ ზომებს ივნისში წარვადგენთ და მათი მიღება საბჭოს მიერ ივლისში იგეგმება“, – განაცხადა დომბროვსკისმა.

მისივე თქმით, ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებით და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.