უილიამ კორტნი: შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს

ექსკლუზივი

NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე Europetime-მა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, უილიამ კორტნისთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • უილიამ ჰარისონ კორტნი არის ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს, კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა.

About Us | Diplomacy Center Foundation

ET: რას გვეტყოდით NATO-ს სამიტამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე. როგორ ფიქრობთ, თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი ხომ არ უნდა შესთავაზოს ალიანსმა საქართველოს, რა ხელშესახები შედეგის მოლოდინი შეიძლება, ჰქონდეს ქვეყანას?

NATO-ს მადრიდის სამიტი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ალიანსის ერთიანობას გააძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსგავსად, არც უკრაინაა NATO-ს წევრი, მოკავშირეები დიდსულოვნებას იჩენენ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. სამი ათწლეულის განმავლობაში უკრაინაში დემოკრატიული განვითარება, მისი ხალხის საბრძოლო უნარები და მიზანდასახულობა დაეხმარა დასავლეთს, რომ უკრაინის მიმართ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა დაეფიქსირებინა.

ET: შეერთებული შტატები მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, რათა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დუჭიროს. ამ მიზნით, 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციები გამართა საქართველოსთან. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთის პოტენციური აგრესიისგან თავის დასაცავად?

როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო ძალების გასაოცარი წარმატება, ერთი მხრივ, განპირობებულია აშშ-სა და NATO-ს სხვა მოკავშირეების მიერ, რვა წლის განმავლობაში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებით. ამის მაგალითია ის, რომ უკრაინული ძალები იყენებენ დეცენტრალიზებულ და მოქნილ ტაქტიკას, რასაც სწორედ ჩემ მიერ ხსენებული პროგრამა უსვამს ხაზს. ისინი უპირისპირდებიან საბჭოთა სტილის ტაქტიკას, რომელსაც რუსული ძალები მიმართავენ. ამ გაკვეთილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართულ ძალებთან ერთად, სწავლება და წვრთნები ნაყოფიერად განაგრძოს ან კიდევ უფრო გააძლიეროს.

ET: რას ფიქრობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? ქვეყანა ელოდება ევროკომისიის დასკვნას ქვეყნის მიერ შედგენილ კითხვართან დაკავშირებით.

დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის.