პრეზიდენტმა ევროპელი პარტნიორების მიმართ მთავრობის წარმომადგენელთა დამოკიდებულება გააკრიტიკა. სალომე ზურაბიშვილი მუქარად აფასებს პრემიერის სიტყვებს, რომ „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს, ფარდას ავხდით ყველაფერს“.
„ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა იყო ჩვენი ტრადიციული მოკავშირე ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართულია და ეხმარება უკრაინას და თავად უკრაინა, ცხადია. თვითონ შარლ მიშელი [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი], რომელიც სამჯერ ჩამოვიდა და გვევლინებოდა ჩვენ ინსტიტუციურ მხარდამჭერად, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენ მხარეს დადგეს, რამეთუ მიუბრუნდებიან და ეტყვიან, „თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს“. ასევე, გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა.
ანუ, ევროპის ყველა ინსტიტუტი და დღეს ერთგვარად ვიმუქრებით, სტატუსი თუ არ მოგვცეს, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას და როგორ ავხდით, ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა უკვე ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს მგონი. ახალი კითხვები გავაჩინეთ, გამოჩინეთ სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ, საერთოდ, ვიცით, რომ ქვეყანა როცა ომშია, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ, რაღაც უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.