საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, „ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან, თავი შეიკავოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოპოზიციასაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათ „დესტრუქციული ინფორმაციის მიწოდება” უნდა შეაჩერონ.
„მივმართავ ხელისუფლებას, რომელსაც ჩემი ბევრი ნათქვამი აქ არ მოეწონება - გაითვალისწინოს მოსახლეობის ურყევი, 30-წლიანი თუ არა 30-საუკუნოვანი მისწრაფება და ანტიევროპული რიტორიკისგან, როგორც არასაჭირო ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს. ეს რიტორიკა მხოლოდ პოპულიზმით ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება და ვერ გამოიტანს შედეგს.
მივმართავ ოპოზიციას, რომ შეაჩეროს დესტრუქციული ინფორმაციების მიწოდება ამ გადამწყვეტ მომენტში მიზნით, რომ ამ ხელისუფლების დესტაბილიზაცია და ძალაუფლებაში მოსვლა ამ დესტაბილიზაციას მოჰყვება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.