საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში შევიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.

„განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა ,,2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.